საქართველომ შვეიცარულ კომპანია SGS-ს ფსოუსა და როკის გვირაბის გავლით ტვირთბრუნვის მონიტორინგისთვის თანხა 30 ნოემბერს გადაურიცხა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება და საქართველოს ნაბიჯს მიესალმება.
„კმაყოფილებით აღვნიშნავთ წინსვლას რუსეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტვირთების საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმების შესახებ 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის საქმეში", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, 30 ნოემბერს დაიწყო სამთვიანი ტექნიკური მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგ შვეიცარიული კომპანია დაიწყებს მონიტორინგს სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე.
„2018 წლის 30 ნოემბერს დაიწყო სამთვიანი ტექნიკური მოსამზადებელი პერიოდი, რომლის დასრულების შემდეგ შვეიცარიული კომპანია მონიტორინგს სამ ქართულ და სამ რუსულ საბაჟო ტერმინალზე. ვიმედოვნებთ, რომ 2011 წლის შეთანხმება, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია რეგიონული ვაჭრობისთვის, შემდგომი დაყოვნებების გარეშე იქნება რეალიზებული", - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს ჟენევაში საქართველოს და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“. დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთიდან ტვირთბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის შექმნას გულისხმობდა. აღნიშნული შეთანხმების ამოქმედებას კი რუსეთმა და შევიცარიამ 2018 წლის 18 მაისს მოაწერეს ხელი.
2011 წლის შეთანხმების თანახმად, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას, საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ, გაფორმდა, საქართველო- რუსეთის იმ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან, რომელსაც საქართველოს ვერ აკონტროლებს შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები განთავსდებიან.
ერთი სავაჭრო დერეფანი, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს, სეპარატისტული რეგიონის სანაპირო ზოლის გასწვრივ ვიწრო ზოლად გადის. ის სოჭთან იწყება და ზუგდიდში მთავრდება. დერეფანი ფარავს ტერიტორიის ნაწილს ზღვაზე, კერძოდ გაგრის, გუდაუთის, ასევე სოხუმის და ოჩამჩირის პორტების სანაპირო ზოლის მახლობლად. მეორე დერეფანი - ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - მიუყვება ტრანსკავკასიურ მაგისტრალს - გზას, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს როკის გვირაბით ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. მესამე დერეფანი ზემო ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.
საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების" თავსა და ბოლოში უნდა განთავსდნენ. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი მოიცავს: ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას.