"მიგვაჩნია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან, კვლავ დავტოვებთ ამომრჩეველს ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე", - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმალიდერი შალვა შავგულიძემ 5 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი, რის გამოც საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნეგატიური შეფასებები გააკეთეს.
„რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი არჩევნები ჩატარდა. ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი არჩევნების დემოკრატიულობის თვალსაზრისით. მეტად ნეგატიური შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდანაც. ძირითადი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, გაერთიანებული ოპოზიცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს, აყენებს საკითხს, რომ შექმნილ ვითარებაში, საჭიროა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პროპორციული საარჩევნო წესით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან, ვადამდელი არჩვნების შემთხვევაში, ჩვენ კვლავ დავტოვებთ ამომრჩეველს ამ ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის არჩევანის გაკეთების წინაშე, მაშინ, როდესაც სახეზეა ახალი პოლიტიკური გაერთიანების სულ ურო მზარდი მოთხოვნა“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.