აეროპორტის დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს "თელასი" 2007 წლის ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვას სთხოვს. ამის გამო კომპანიის წარმომადგენლებმა აეროპორტის დასახლების 48-ე ა კორპუსში მცხოვრებ დევნილთა 66 ოჯახს დენის მიწოდება შეუწყვიტეს და თვეზე მეტია ამ ოჯახებს დენი არ მიეწოდებათ", - ამის შესახებ განცხადება პარტია "ჩვენ თვითონ"-ის ლიდერმა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ გააკეთა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით იგი დღეს დევნილებს შეხვდა.
როგორც დავითაია აღნიშნავს, დევნილებმა დახმარებისათვის მის პარტიას მიმართეს და პარტიის წევრები დღეს აეროპორტის დასახლებაში ადგილზე იმყოფენბოდნენ, რათა დევნილების პრობლემებს უშუალოდ ადგილზე გასცნობოდნენ. პაატა დავითაიას თქმით, პრობლემის გაცნობის შემდეგ შეუძლია თქვას, რომ "თელასის" მხრიდან ადგილი აქვს "სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დაშანტაჟებას":
"რადგან პრეზიდენტის დავალებით ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგოკომპანიებს შორის ჯერ კიდევ 2007 წელს შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხდევითაც დევნილებისათვის ძველი დავალიანების ჩამოწერა მოხდა", - განაცხადა დავითაიამ.
გარდა ამისა, ვიცე - სპიკერის თქმით, ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, ახალი ენერგოსუბსიდირების პროგრამების შესახებ. კერძოდ, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კომუნალური გადასახადების დასაფარად საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გამოიყო გრანტები. თუმცა დავითაიას თქმით, პორბლემა დღესაც მოუგვარებელია და 100 ათასობით ლარის გადახდა დევნილებს უწევთ. ამასთან, დავითაიას თქმით, აეროპორტის დასახლებაში მცხოვრები დევნილები უკვე დიდი ხანია ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას ითხოვენ, რაზედაც "თელასი" მათ უარს ეუბნევა და არარსებული ვალის აღიარებას ითხოვს. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ დავითაიას თქმით, ეს არის მხოლოდ ზეპირად მოთხოვნილი და თელასის თანმაშრომლებს დევნილებისათვის არანაირი სამართლებრივი აქტი არ წარუდგენიათ, თუ რის საფუძველზე ითხოვენ ვალის აღიარებას, გადახდას და კონკრეტულად რა პირობებით.
აღსანიშნავია, რომ დავთაია "თელასის" ამ ქმედებას გამოძალვის მცდელობად აფასებს და ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას თხოვს. ცნობისათვის, დავითაია აპირებს ამ საკითხის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებას.