თუ წაგებული მუშტების ქნევას დაიწყებს, ეს დემოკრატია არ იქნება, ეს იქნება ჩვეულებრივი ანარქია, - განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ „არჩვენაში“.
„თუ წაგებული ჩხუბის მერე მუშტების ქნევას დაიწყებს ნებისმიერი შემთხვევაში წაგებული მხარე და იტყვის, რომ არა, თავიდან გადავათამაშოთ თითოეული არჩევნები, ეს დემოკრატიული საზოგადოება არ იქნებოდა, ეს იქნება ჩვეულებრივი ანარქია. შესაბამისად, რომ ყოფილიყო 1%-იანი, 2%-იანი განსხვავება, შეიძლება გვეფიქრა, რომ ლეგიტიმური არის მოთხოვნა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ისეთი განსხვავების შემთხვევაში, რაც ახლა მივიღეთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მისი თქმით, "ეს რომ რეალურად სდომებოდა ენმ-ს, ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტში დაუჭერდა მხარს".
ზოიძე აცხადებს, რომ მსგავსი შეთავაზება არაერთხელ იქნა გაკეთებული ოპოზიციისთვის, თუმცა, მათ კონსტიტუციის შემუშავებაზეც კი თქვეს უარი.
მისივე თქმით, 2020 წლამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეს ქვეყანა იმ სისტემამდე, რომელიც სჭირდება დემოკრატიისთვის, მათ შორის ეს ეხება ბარიერის დაწევასაც. თუმცა, ასე ხელაღებით პროპორციულ სისტემაზე ქვეყანა ვერ გადავა.