"პირველ რიგში, უნდა გაერკვეს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია, ჩვენ უნდა გვლანძღონ და "გაყიდული" ეძახონ მოსახლეობას, თუ წამოვიდნენ მოლაპარაკებაზე", - განაცხადა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, აკაკი ზოიძემ „არჩვენაში“ შეკითხვაზე, აპირებს თუ არა მმართველი გუნდი გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზების მიღებას, რომ დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან.
აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ამ დრომდე ნაციონალური მოძრაობა მოქმედებს ერთი პრინციპით - ან ხარ მათი მხარდამჭერი ან მტერი და იგივე გრძელდება ახლაც გაერთიანებაში.
„მიუხედავად იმისა, რომ დასრულდა ძალადობის გარეშე არჩევნების დღე და ჰქონდა ჩვენს მოსახლეობას დემოკრატიულად თავის აზრის დაფიქსირების საშუალება, ამ პირობებშიც აგრძელებენ იგივე რიტორიკას. აქ მთავარი ახლა ერთი რამეა. ის 780 ათასიც ჩვენი მოქალაქეა და ის მილიონ ორასი ათასამდე ადამიანიც, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარი დაუჭირა და გააკეთა პრინციპული არჩევანი. ყველა ამ მოქალაქეზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი თქმით, გაუგებარია, რას გულისხმობს მოლაპარაკებაში ოპოზიცია. აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროება არ არსებობს.