,,თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისთვის 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის ინიციატივით გამოდიან, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში მომწიფებულია აზრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წარმომადგენლობის წესით ჩატარების თაობაზე.
„ამისათვის, საჭიროა, სათანადო ცვლილების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის ახალი რედაქციის თანახმად, ცვლილებას, თუ ის ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტმა უნდა მიიღოს, პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეოთხედის მხარდაჭერა დასჭირდება. თუმცა, ჯერჯერობით მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, ასეთი ცვლილების ინიცირებას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. დღევანდელ ვითარებაში, როდესაც მმართველი პოლიტიკური ძალა აღტაცებულია არჩევნებში მიღწეული, უფრო ზუსტად, მითვისებული წარმატებით, უიმედოდ გამოიყურება პერსპექტივა, რომ ხელისუფლება დათანხმდება ასეთი ცვლილების წარდგენას თავისი უმრავლესობის მიერ. ამიტომ, ერთადერთ გამოსავლად რჩება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველთა 200 000 ხელმოწერის შეგროვება“, - ნათქვამია განცხადებაშ და აღნიშნაული, რომ ეს იქნება ამომრჩევლის ნების გამოვლენა, რომლის წინააღმდეგ ხელისუფლებას გაუჭირდება ოდნავ მაინც დამაჯერებელი არგუმენტის გამონახვა.
„ამიტომაც მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ, სულ მცირე, 200 000 და, უკეთეს შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი ხელმოწერის შეგროვება კონსტიტუციაში იმ მარტივი ცვლილების შეტანის მიზნით, რომლის ძალითად გაუქმდება მაჟორიტარული საარჩევნო წესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
,,თავისუფალი დემოკრატები" ასევე გამოდიან ინიციატივით, პარალელურად ყველა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ, სამოქალაქო სექტორის და უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით უნდა დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა ძალითაც უფრო სამართლიანი რეგულირების ქვეშ მოექცევა პარტიათა დაფინანსებისა და საარჩევნო ხარჯების აღრიცხვის წესი, მკაცრი პასუხისმგებლობა იქნება დადგენილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისათვის, შეიცვლება ამ რესურსის გამოყენების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმი, უმფრო მკაფიო ნორმები იქნება დადგენილი ამომრჩეველთა მოსყიდვისათვის და შესრულდება სხვა რეკომენდაციები, რომლებიც ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა განვლილი არჩევნების შეფასებისას წარმოადგინეს.