მმართველ გუნდი ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს, ეს ნიშნავს, რომ მათ საზოგადოების გზავნილი არ მიიღეს, - ამის შესახებ "ევროპულ საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
ის მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" გამართოს მსჯელობა ოპონენტებთან, რადგან მისი თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.
"აბსოლუტურად არანაირი სიგნალი არ მიუღიათ [მმართველ გუნდს] საზოგადოებისგან ამ არჩევნებზე. საზოგადოებისგან, რომლის ძალიან დიდი ნაწილი არის განწყობილი საპროტესტოდ და ეს სიგნალი მათ მისცა საზოგადოებამ, რომ საზოგადოება უკმაყოფილოა "ქართული ოცნების" უკონტროლო და ერთპიროვნული მმართველობით. მათ ვერ გაიგეს, რომ ყველა მინუს "ქართული ოცნება" ელოდება ისეთი ტიპის არჩევნებს და ისეთი ტიპის ხელისუფლების ცვლილებას, სადაც ვერავინ იქნება შეუზღუდავი უკონტროლო და მით უმეტეს ერთი ადამიანის სურვილით მოქმედი პოლიტიკური ძალა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს.