ვადამდელი საპარლამენტი არჩევნები დღეს, არავითარ შემთხვევაში, არ არის გამოსავალი, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტვ „პირველის“ ეთერში.
მისი თქმით, დღეს ვადამდელი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხამს წყალს.
„ვადამდელი არჩევნები დაასხამს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყალს. იმიტომ რომ სხვა ოპოზიციური ძალები, ისევ ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით, არ არიან მზად რომ რეალურად საპარლამენტო არჩევნებს შეხვდნენ. მით უფრო, ამ საარჩევნო გარემოში“, - განაცხადა ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ხელისუფლებამ დღესვე რომ გადაწყვიტოს არჩევნების დანიშვნა, ინაუგურაციიდან 6 თვეზე ადრე ვერ დაინიშნება.
„კონსტიტუციის მიხედვით, 6 თვის განმავლობაში, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, არჩევნები ვერ ჩატარდება, ეს კონსტიტუციით არის აკრძალული. ანუ, ივნისამდე ვადამდელი არჩევნები, დღესვე რომ გადაწყვიტოს ხელისუფლებამ, გამორიცხულია. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპორციულ სისტემაზე გადავლასთან დაკავშირებით. ამასაც დრო სჭირდება. ამიტომ, ვადამდელი არჩევნები საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს, გაისად ამ დროს. ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკური ძალა მოახერხებს მეტნაკლებად მომზადებას არჩევნებისთვის. ამ ერთი წლის განმავლოვაში რადიკალურად უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.