შემდეგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს, შესაბამისად არ არსებობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საჭიროებაც.
მისივე განცხადებით, არეულობის ნებისმიერ მცდელობას ხელისუფლებისგან ადეკვატური პასუხი გაეცემა.
"ჩვენ ველოდებით, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს რაიმე განზრახვა, ჩვენს ქვეყანაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია, ამას გაეცემა შესაბამისი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონიდან გამომდინარე და კანონის ფარგლებში", - განაცხადა კობახიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ კონსულტაციების მიზნით შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობდა.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ულტიმატუმს უყენებს და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სთავაზობს.