გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანების ერთ-ერთა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, პირველ რიგში, სასამართლოში შესატანად ამზადებენ სარჩელს, რათა მოითხოვონ არჩევნების შედეგების გაბათილება.
"ჩვენ, რაღა თქმა უნდა, ვამზადებთ სასამართლოში სარჩელს იმისთვის, რომ გაუქმდეს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის პირდაპირი ნათელი მაგალითი და სამართლიან და თავისუფალ არჩევნებთან, რაც არის მთავარი ფუნდამენტი ნებისმიერი არჩევნების, არაფერი საერთო არ ჰქონდა იმას, რაც ქვეყანაში ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ისინი ხელისუფლებას საარჩევნო სისტემაზე მსჯელობის მიზნით კონსულტაციების გამართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.
„ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ სრულიად განსხვავებული არის პოლიტიკური გარემო ამ ე.წ. არჩევნების შემდეგ. აქვე, გვინდა, დავაზუსტოთ, რომ ვითხოვთ, რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, რისთვისაც ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ მოლაპარაკებები შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე, გვიხარია, რომ ამ მოთხოვნას იზიარებს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი", - აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო თავიდან ბოლომდე, რომ ის არ იყოს ტოტალური კონტროლის, დაშინების მექანიზმი, არამედ იყოს გარანტი იმის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის უფლება.
"აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს კომპლექსური ცვლილებები და შეთავაზებები, რომლის განხილვასაც დავიწყებთ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან და მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი განვიხილოთ "ქართულ ოცნებასთან", - განაცხადა ვაშაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ კანონში უნდა ჩაიდოს ამკრძალავი ნორმები საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, რათა ისინი არჩევნების პერიოდში პარტიულ წარმომადგენელს არ გაუთანასწორდნენ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ვადა 16 დეკემბრამდე აქვს.