გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც არჩევნებში დამარხდა, აცხადებს, რომ ის იწყებს 50 ათასი კილომეტრის მეორე ნაწილს ანუ საქართველოს შემოვლას.
"მე ვიწყებ 50 ათასი კილომეტრის მეორე ნაწილს ანუ საქართველოს შემოვლას ვიწყებ," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "კვირის აქცენტებში".
გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ დესტაბილიზაციას არ აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია როგორც ამას ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს. მან ასევე მიმართა საზოგადოებას და ოპოზიციური მასმედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პარასკევის ფილარმონიას და კვირა დღის რუსთაველის გამზირს შორის ორი დღე იყო და ჩვენ უბრალოდ ყველას ვთხოვეთ ვისაც შეეძლო და თავისუფალი იყო ჩამოსულიყო . და მობილიზაცია თუ დაგვჭირდა გავაკეთებთ. მოეშვით ამ უაზრო ვაივიშს. არც გაერთიანებული ოპოზიცია, არც ერთი ოპოზიციური პარტია, არც თქვენი მონა მორჩილი, არც მიხეილ სააკაშვილი, არც ერთი ჩვენი მხარდამჭერი, კონსტიტუციის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ფარგლებს გარეთ გასვლას არ აპირებს. საკმაოდ ჭკვიანები და გამოცდილები ვართ რომ დავკარგოთ მხარდამჭერები და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ჩემო თანამოქალაქენო, ერთი თხოვნა მაქვს, უბრალოდ გახსოვდეთ, ოპოზიციური პარტიები რომ არ არსებობდნენ და ოპოზიციური მასმედია თქვენს კივილს კი არა ჩურჩულს ვერ გაიგებს ვერავინ. ამიტომ, გაუფრთხილდით დემოკრატიას",-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს, გაერთიანებულმა ოპოზიციამ რუსთაველის გამზირზე, აქცია გამართა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მიმართეს. აქციაზე ჩაერთო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. აქციაზე შეკრებილები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და უახლოეს დღეებში აპირებენ მიმართონ სასამართლოს შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. ასევე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.