ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ისინი აღარაფრის მოთმენას არ აპირებენ.
"მათ [მმართველი გუნდის წევრებს] ეგონათ, რომ ხალხი აღარ იბრძოლებს და დღეს ჩვენ მათ დავანახებთ რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, ღიმილით, თავაწეული მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს, არასდროს შევურიგდებით უსამართლობას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, 2 დეკემბერს, აქციას გამართავენ
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სახელით დღეს განცხადება გააკეთა, რომ გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.
ევროპული საქართველოს განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპული საქართველოს“ კაბინეტის პარტია უწოდა.
მოგვიანებით, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის მიდის აქციაზე.