გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ გაერთიანებულილ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის, რაც 28 ნოემბერს, საქართველოში მოხდა, არის ღირსების შეურცხყოფა.
„ჩვენ არჩევნებს ჩატარებულად არ ვაღიარებთ და მის შედეგებს არ ვცნობთ. საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს. პრეზიდენტი ჰყავს ქურდულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს. ამჟამად გაერთანებული ოპოზიციის და ჩვენი პარტნიორების იურისტები, დამიჯეერთ, ძალიან მაღალკვალიფიკაციური იურისტები გვყავს, ამზადებენ სარჩელს, რომელსაც ჩვენ შევიტანთ სასამართლოში მოთხოვნით ეს არჩევნები იქნას ცნობილი ბათილად. ამას არ შევურიგდებით,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ ოპოპზიცია გაბრაზებულია და საქართველოს „კრინიმალურ ხელისუფლებას“ დაამარცხებენ კანონიერი, კონსტიტუციური გზით.
„დავამთავრებთ ჩვენ ამ კრინიმალურ ხელისუფლებას საქართველოში, კანონიერი კონსტიტუციური გზით, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გაბრაზებულები ვართ, დღეს. ძალიან გაბრაზებულები ვართ! იმიტომ არ იბრძოლა, სულგანათლებულმა ზვიადმა და მერაბ კოსტავამ, იმიტომ არ იბრძოლა მერე ყველა პატრიოტმა ქართველმა ამ დემოკრატიის შენახვისთვის, რომ ფარცხალაძემ მოგვპაროს და თავის სარდაფში ჩაიტანოს სახელმწიფო და დემოკრატია“, - განაცხადა ვაშაძემ.
„28 ნოემბერს ჩვენ გვქონდა ძალადობა და შანტაჟი, მოსყიდვა, პირადობის მოწმობების გაყალბება. პირადი ინფორმაციის გამჟღავნება. სუს-ის მიერ მართული კრიმინალი, საარჩევნო უბნებთან დახვედრა, ხმის ფარულობის დარღვევა, კარუსელები. ათიათასობთ ბიულეტენის გაუქმება“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აქციაზე შეკრებილებს გურიაში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ნაპოვნი პირადობის მოწმობები აჩვენა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, პირადობის მოწმობები ეკუთვნით 10-20 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანებს.
„ეს არის ის საოცარი დემოკრატია, რომლის პირობებშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს ყველაფერი წავა პროკურატურაში და დედემისის შვილები არიან, ამაზე გამოძიება არ დაიწყონ“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, 2 დეკემბერს, აქციას გამართავენ.
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სახელით დღეს განცხადება გააკეთა, რომ გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.
ევროპული საქართველოს განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპული საქართველოს“ კაბინეტის პარტია უწოდა.
მოგვიანებით, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის მიდის აქციაზე.