ჩვენ გვაქვს გამოსავალი. ან მივდივართ სახლებში და ფარ-ხმალს ვყრით, ან ვიბრძვით ბოლომდე. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი, - რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ მიმართა.
ნიკა მელია ამბობს, რომ თბილისის ცენტრში ძალადობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ.
„ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან შევეგუოთ იმას, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. ხელისუფლებამ დანიშნა მესამე ტური და მას ეგონა, რომ ჩვენ ენერგიისგან დავიცლებოდით და მონაწილეობას არ და ვერ მივიღებდით მესამე ტურში. ჩვენ, არა თუ ვიღებთ მონაწილეობას მესამე ტურში, არამედ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იცით რატომ ხალხნო? ის, რაც მათ იკადრეს, ყველა არჩევნები, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს და ქვეყნის პირობებში ჩატარებულა, ერთად რომ შევაჯამოთ და ხარვეზები და დანაშაულებები რომ ავიღოთ, ათჯერ მეტი გააკეთეს ერთ არჩევნებში ხალხო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიამ არჩევნებზე მოსახლეობის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები გაიხსენა. მათ შორის ზეწოლა სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პენსიონრებზე. ასევე ისაუბრა დასაქმებულ მოქალაქეებზე მუქარის შესახებ.
„ეს არ არის ნებაყოფლობით არჩეული პრეზიდეტნი ხალხნო. ამ ყველაფერს თან აკეთებდნენ კრიმინალების მეშვეობით. სინამდვილეში, არც კრიმინალები არიან და არც ძველი ბიჭები, ესენი არიან სუს-თან და პოლიციასთან შეკრულები. პოლიციის უფროსი და თვითონ ძველი ბიჭი, პოლიციის უფროსი და თვითონ კრიმინალი, ერთად ატარებდა არჩევნებს. ჩვენ გვაქვს გამოსავალი. ან მივდივართ სახლებში და ფარ-ხმალს ვყრით, ან ვიბრძვით ბოლომდე. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, 2 დეკემბერს, აქციას გამართავენ
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სახელით დღეს განცხადება გააკეთა, რომ გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.
ევროპული საქართველოს განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპული საქართველოს“ კაბინეტის პარტია უწოდა.
მოგვიანებით, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის მიდის აქციაზე.