დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს ხალხს, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
"დესტრუქციას არ აწყობს ოპოზიცია, დესტრუქციას აწყობს ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს ხალხს და არასდროს მათ პასუხს არ სცემს თავისი მოქმედებებით", - განაცხადა ვაშაძემ.
მან სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მისივე თქმით, ისინი ვალდებულები არიან, დააკმაყოფილონ მათი მოთხოვნები.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მართავს. ისინი დღევანდელ აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე, მათი თქმით, აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი "ქართული ოცნებისთვის" ხმის გაგონებაა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, 2 დეკემბერს, აქციას გამართავენ
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სახელით დღეს განცხადება გააკეთა, რომ გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.
ევროპული საქართველოს განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპული საქართველოს“ კაბინეტის პარტია უწოდა.
მოგვიანებით, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის მიდის აქციაზე.