მშვიდობიანი პროტესტის მეშვეობით და სხვა მეთოდებით, რაც არის სამართლებრივი გზა, ვაპირებთ ხელისუფლების ცვლილებას, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა, პაატა დავითაიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები არის მოპარული. მისივე თქმით, საზოგადოება არჩევნების მოპარვას არ შეეგუება.
დავითაიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები ყველაფერს გააკეთებენ რომ სიტუაცია ნორმალიზდეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს.
"ჩვენ კოსტიტუციის ჩარჩოებში ვაპირებთ მოქმედებას, ადამიანის უფლებების ჩარჩოებში, რომელიც აღიარებულია საქართველოს კანონმდელობლობით, მხოლოდ აი, ამ მშვიდობიანი პროტესტის მეშვეობით და სხვა მეთოდებით, რაც არის სამართლებრივი გზა, ვაპირებთ ხელისუფლების ცვლილებას", - განაცხადა დავითაიამ.
მისი თქმით, დღეს ქუჩაში გამოვიდა აღშფოთებული მოსახლეობა, რომელიც არ აპირებს შეეგუოს არჩევნების გაყალბებას.
„მოხდა არჩევნების მოპარვა, ამან გამოიწვია სერიოზული უკმაყოფილება ამომრჩეველში. ხალხი არ აპირებს შეეგუოს რომ ვინმე მის ფუნდამენტურ უფლებას რასაც ჰქვია არჩევანი, მოიპარავს. გუშინ ვადევნებდი თვალ-ყურს აფხაზურ პრესას. სადაც პირდაპირ ეწერა, რომ თუ საქართველო იყიდება კართოფილზე და იყიდება ხახვზე რამდენი კართოფილი და ხახვია საჭირო რომ აღიაროთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ეს რას ცხადყოფს იცით? ეს ცხადყოფს იმას, რომ უკვე სეპარატისტებიც კი დასცინიან ამ ხელისუფლებას,“-განაცხადა პაატა დავითაიამ.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მართავს. ისინი დღევანდელ აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე, მათი თქმით, აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი "ქართული ოცნებისთვის" ხმის გაგონებაა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, 2 დეკემბერს, აქციას გამართავენ
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სახელით დღეს განცხადება გააკეთა, რომ გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.
ევროპული საქართველოს განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპული საქართველოს“ კაბინეტის პარტია უწოდა.
მოგვიანებით, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის მიდის აქციაზე.