ეს არ იყო არჩვნები, ეს იყო ადამიანების მოპარული ნება, ეს არ იყო რეალურად საპრეზიდენტო არჩევნები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
„პირველ რიგში, ეს არის უსამართლო საარჩევნო სისტემის დარღვევა, მოშლა და პროპორციული სისტემის აწყობა, რომელიც შანსს იმისას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა გამოვაცალოთ ოლიგარქს ხელიდან. სანამ ესეთი უსამართლო სისტემა იქნება საარჩევნო, მანამდე ოლიგარქი ყოველთვის ეცდება, რომ მოიპაროს ხალხის ხმები და რეალურად, არ გამოიხატოს ადამიანების ნება, რომელიც არ გამოიხატა რამდენიმე დის წინა, საპრეზიდენტო არჩევნებზე. მეორე, ეს იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. უნდა ჩატარდეს სამართლიანი სისტემით, საარჩევნო სისტემით და ასევე საარჩევნო კომისიები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ისინი ითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და ეს არჩევნები პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით უნდა ჩატარდეს.
"ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რათა ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს ამ ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობა, ვინაიდან ჩვენ შევედით უკვე ძალადობის სპირალში, საიდანაც გამოსასვლელი არ იქნება, თუ ეს ხელისუფლება იქნება", - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, აქციას გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" მართავს. ისინი დღევანდელ აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე, მათი თქმით, აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი "ქართული ოცნებისთვის" ხმის გაგონებაა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მომხრებს ქუჩაში გამოსვლისა და დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. გაერთიანებულმა ოპოზიცია ფილარმონიაში მომხრეებს შეხვდა და 2 დეკემბერს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, 2 დეკემბერს, აქციას გამართავენ
“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის სახელით დღეს განცხადება გააკეთა, რომ გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება. მისი თქმით, საზოგადოება გაიზარდა და აჩვენა, რომ ცვლილებებისთვის აუცილებელი აღარ არის ქუჩა, რევოლუცია და ბარიკადი.
ევროპული საქართველოს განცხადების შემდეგ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ევროპული საქართველოს“ კაბინეტის პარტია უწოდა.
მოგვიანებით, ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის მიდის აქციაზე.