ჩვენ ძალიან მალე ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომელიც უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფება.
მისი თქმით, 28 ნოემბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო არჩევნები.
„ეს იყო დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი. დღეს ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. ერთ მხარეს დგას კრიმინალზე მდგარი საქართველოს ხელისუფლება და მეორე მხარეს დგას დანარჩენი საქართველოო. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ჩვენ ძალიან მალე ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები ამიტომ, ვინც თვლით, რომ 28 ნოემბერს თქვენ მოგპარეს ხმები, თქვენ წაგვართვეს უფლება არა მხოლოდ პრეზიდენტი აგერჩიათ, არამედ განგესაზღვრათ ამ ქვეყნის და თქვენი შვილების მომავალი, მობრძანდით 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 15:00 საათზე აქციას გამართავს.
ისინი დღევანდელ აქციაზე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე, მათი თქმით, აქციის გამართვის ერთ-ერთი მიზეზი "ქართული ოცნებისთვის" ხმის გაგონებაა.