სასტუმრო "რედისონში" ამბასადორიალი ავღანეთში დაღუპული ქართველი ოფიცრის მუხრან შუკვანის საპატივსაცემოდ მიძღვნილი წუთიერი დუმილით გაიხსნა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, დღევანდელ ამბასადორიალზე საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ელჩებს დავალებებს მისცემენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ინვესტიციების მოზიდავა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა. ამის შესახებ ვაშაძემ ამბასადორიალის დაწყების წინ განაცხადა.
"ამბასადორიალი განსაკუთრებული მოვლენაა, როდესაც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები უმაღლეს ხელისუფლებას ხვდებიან, სადაც მათ დაუსახავენ იმ ამოცანებს, რომლებიც მომავალი წლის განმავლობაში უნდა შესრულდეს. მათ შორის მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა", - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ მან ამბასადორიალზე ესტონეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დაპატიჟა, რათა მათ ქართველ დიპლომატებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ, განსაკუთრებით კი ისეთ საკითხებში როგორც ნატოსა და ევროკავშირში მუშაობაა.
"ამბასადორიალს დაემთხვა ეუთოს გენერალური მდივნის ჩამოსვლაც, რომელსაც ვთხოვე ელჩების წინაშე მოხსენებით წარმდგარიყო და ესაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც ეუთოს წინაშე დგას", - აღნიშნა ვაშაძემ.
ამბასადორიალზე პირველად, მოხსენებით გრიგოლ ვაშაძე წარსდგება. დღესვე დაგემლილი რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის, საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ურმას პაეტის, საქართველოს ვიცე - პრემიერის გიორგი ბარამიძის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკა რურუას, დიასპორას საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის და სუამის გენერალური მდივნის ვალერი ჩეჩელაშვილის სიტყვით გამოსვლა.