საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველის გიორგი ჩაკვეტაძის თამაში უეფას ერთა ლიგის მატჩებში იმდენად გამორჩეული იყო, რომ ფეხბურთელით ევროპის რამდენიმე წამყვანი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის იტალიის „რომა“, - იუწყება calciomerkato.com.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „რომას“ ხელმძღვანელობა მზად არის განიხილოს ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესაძლებლობა უკვე ამ ზამთარში და მზად არის 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამჟამად „მგლები“ 30 წლის არგენტინელი დიეგო პეროტის შემცვლელს ეძებენ, რომელიც დიდი ალბათობით ახლო მომავალში გუნდს დატოვებს.
გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ ჩაკვეტაძეს აქტიურად აკვირდებიან „ბარსელონის“, მადრიდის „რეალის“, დორტმუნდის „ბორუსიის“, მიუნხენის „ბავარიისა“ და ლონდონის „ტოტენჰემის“ სკაუტები.
„ბარსელონის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ კიდეც უეფას ერთა ლიგის მატჩს საქართველოსა და ლატვიას შორის (0:3) და ქართველი ნახევარმცველის თამაშით კმაყოფილი დარჩნენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კატალონიურმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები „გენტთან“ და მზადაა ჩაკვეტაძის ტრანსფერში 5 მილიონი ევრო გადაიხადოს.
19 წლის ჩაკვეტაძე თბილისის „დინამოს“ აღზრდილია. 2017 წელს ნახევარმცველი 1,5 მილიონ ევროდ შეფასებული ტრანსფერით ბელგიის „გენტში“ გადავიდა. ამ სეზონზე ქართველმა ფეხბურთელმა თავის კლუბში 15 მატჩი ითამაშა, გაიტანა ოთხი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაკვეტაძემ პირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში (4:0) იასპარეზა და სახელიც გაითქვა. უეფას ერთა ლიგაში ქართველმა ნახევარმცველმა ექვსივე მატჩი ითამაშა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 12 გოლი გაიტანა, საიდანაც ოთხი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა.