წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფი საერთაშორისო თანამეგობრობას დევნილების საკითხით დაინტერესებას სთხოვს. ამის შესახებ წარმომადგენლობითი სახალხო კრების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დღეს, კინოს სახლში დევნილებთან შეხვედრის დროს განაცხადეს.
ამასთან, აღნიშნულის შესახებ მათ მიმართვა გაავრცელეს, სადაც წერია "თხოვნით მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, აღიმაღლონ ხმა იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი და რეაგირების გარეშე არ დატოვონ მათი დარბევის ფაქტები; ხელისუფლებისგან მოითხოვონ დევნილთა დასახმარებლად მსოფლიო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯების გამჭვირვალობა".
შეხვედრას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს", "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" წარმომადგენლები, ექსპერტები და უფლებადამცველები ესწრებოდნენ.