ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოდან 20 კილომეტრში. თუშეთიდან ალვანისკენ მომავალი ნივის მარკის ავტომანქანა დაახლოებით 70 მეტრ სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. მანქანაში მყოფი სამივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, ხეობაში გარდაცვლილთა ცხედრების პოვნა და ამოსვენება სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.
"სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. სამივე ადამიანი სოფელ ქვემო ალვანის მკვიდრია. მანქანის გადავარდნის შესახებ თვითმხილველმა შეგვატყობინა, რომელიც თუშეთიდან მოდიოდა. სხვა შემთხვევაში მათი მოძებნა ძალიან გაგვიჭირდებოდა. ცხედრებს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და სიკვდილის ზუსტ მიზეზებს ექსპერტი დაადგენს", - აღნიშნა თელავის გამგებელმა.