საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას "მწვავე კრიტიკისთვის" მადლობას უხდის.
"ბოლო დროს გამძაფრდა ოპოზიციის მხრიდან ზოგიერთი სამთავრობო მოქმედებების მიმართ კრიტიკა. ჩვენ ამას დიდი გულისყურით ვუსმენთ და მიუხედავად იმისა, რომ ყევლაფერს არ ვიზიარებთ, ეს ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის მთელ რიგ ასპექტებთან მიმართებაში. Mმინდა გითხრათ, რომ თქვენი გამოსვლების შემდეგ, მთავრობის შიგნით ხშირად ადგილი აქვს უსიამოვნო საუბრებს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტა-არგადაწყვეტასთან დაკავშირებით", - განაცხადა სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მისი თქმით, დილით მან მოისმინა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას გამოსვლა, რომელიც "მწვავე იყო, მაგრამ საინტერესო".
"თუნდაც ამისთვის მინდა ოპოზიციას დიდი მადლობა გადავუხადო", - განმარტა პრეზიდენტმა, რომლის შეფასებითაც, პოლიტიკური დებატები უკვე პარლამენტში გადმოვიდა, რაც მისასალმებელია.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დიალოგის ფარგლებში, თუ უმრავლესობა და ოპოზიცია ყველაზე მწვავე საკითხებზეც კი საერთო ენას ვერ გამონახავენ, თამაშის რაღაც წესებზე მაინც შეიძლება ჩამოყალიბდნენ.