სოფელ ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილი ოჯახების შვილები აჭარაში დაისვენებენ. დღეს, 5 სექტემბერს, აჭარაში სულ 25 ბავშვი გაემგზავრება.
ინიციატივა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის.
კერძოდ, ფოცხო-ეწერში ჩასახლებული დევნილი ოჯახების შვილები კვარიათში სასწავლო წლის დაწყებამდე დაისვენებენ. ბავშვები ვაჟა - ფშაველას #16 დან დილით 10 საათზე გაემგზავრებიან და მათ აფხაზეთის მთავრობის წევრები გააცილებენ.
"ფოცხო-ეწერში სტუმრობისას ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის აჭარაში დასვენების შესაძლებლობა მიგვეცა. ბავშვებმა მითხრეს, რომ ჯერ ზღვა არ უნახავთ. მათი თხოვნის შემდეგ მოვიძიე გარკვეული რესურსები და ფოცხო-ეწერიდან 10 ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე კვარიათში დაისვენებს," - განაცხადა გიორგი ბარამიამ მარტვილის რაიონში სტუმრობისას.
გიორგი ბარამია სამეგრელოს რეგიონს 30 აგვისტოს ეწვია და წალენჯიხის, ფოცხო-ეწერის, მარტვილისა და ჩხოროწყუს კომპაქტური ჩასახლებები მოინახულა. აქვე დევნილებს უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები ჩაუტარდათ და უფასოდ მედიკამენტები და ჰუმანიტარული დახმარებები გადაეცათ.