საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დევნილებთან შეხვედრას იმერეთის რეგიონში განაგრძობს. დღეს მინისტრი ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, ახალმოსახლეობა მიულოცა და რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა.
ქუთაისში, ნიკეას 12-ში, ყოფილი კოოპერაციული კოლეჯის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 64 ოჯახი ცხოვრობს. შენობაში გაკეთდა სრული რემონტი - ინდივიდულური გამრიცხველიანება, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები, ინდივიდუალური სველი წერილები მეტლახში, გადახურვა, წყალგაყვანლობა და კანალიზაცია. შენობა აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
დევნილებმა მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მსგავს რემონტს თავად ვერასდროს შესწვდებოდნენ. ნანული მანაგაძე, აფხაზეთიდან დევნილი: „ვერც კი წარმოგვედგინა, ასეთ კარგ შენობაში თუ ვიცხოვრებდით. ადრე არც ფართი გვყოფნიდა და ერთი ოთახი გვქონდა, რომელიც სამზარეულოც იყო, საძინებელიც და მისაღებიც. ეხლა ფართებიც ნორმალურად გვაქვს, ინდივიდუალური სველი წერტილებიც გაგვიკეთეს და საპრეტენზიო არაფერი გვაქვს. ამას გარდა, სულ მალე, ეს ფართი ჩვენი საკუთრება გახდება."
მინისტრმა კი დევნილებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ საცხოვრებელი ფართებით ყველა დევნილი დაკმაყოფილდება და ეს ფართი პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მათი საკურება იქნება: „ამ შენობაში 64 ოჯახი ჩავასახლეთ. აქ როგორი რემონტია თავადაც კარგად ხედავთ. რეგიონებს, რომელსაც ხშირად გვიკრიტიკებენ, საკრიტიკო ნამდვილად არ არის."
აღნიშნული ობიექტი მუნიციპალური განვითარების პროგრამის ფარგლებში კაპიტალურად გარემონტდა. სამუშაოები კი ევროკავშირმა დააფინანსა.