"ქრისტიან-დემოკრატები" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვცის სამინისტროს ორ უწყებად დაშლას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს გაყოფის საკითხი ახალი არ არის და მისი პოლიტიკური ძალა ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობს. მისი თქმით, "ქრისტიან-დემოკრატებს" მიაჩნიათ, რომ ამ სფეროში რადიკალური ცვლილებებია განსახორციელებელი.
"ეს ჩვენი ინიციატივა ახალი არ არის, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კულტურის სამინისტროს გამოეყო სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი "ქრისტიან-დემოკრატები" ვამბობდით, რომ ეს არაფრისმომცემი და გაუაზრდებელი ცვლილება იქნებოდა და თუ რაიმეს შეცვლა არის საჭირო, მთავრობის სტრუქტურაში უნდა გაიმიჯნოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემადგენლობა", - აცხადებს ანიკაშვილი.
მისი თქმით, დღეს არსებული სამინისტრო არის ხელოვნურად შექმნილი გიგანტი და ვერ უზრუნველყოფს იმ ფუნქციების განხორციელებას, რაც მას აკისრია. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჯანდაცვისათვის დაფინანსება არ არის საკმარისი.
შესაბამისად ითხოვენ რომ ერთი მხრივ, გაიზარდოს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, რათა მოხდეს ჯანდაცვის პროგრამების გაფართოება და ხარისხის გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ მიაჩნიათ, რომ უნდა შეიქმნას ახალი უწყება - "ოჯახის დასაქმების და სოციალური დაცვის სამინისტროს" სახით.
"ამ სამინისტროს შექმნას ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სოციალური ნაწილი დღეს მხოლოდ მიზერულ საპენსიო უზრუნველყოფას გულისხმობს და იგნორირებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიმ როგორიცაა დემოგრაფიული პრობლემები, მრავალშვილიან ოჯახებზე ზრუნვა, ზოგადად დედათა და ბავშვთა კეთილდღეობის საკითხები, არ არსებობს ჩაოყალიბებული საოჯახო პოლიტიკა და სწორედ ამ თემებზე უნდა იმუშაოს ახალმა უწყებამ", - აცხადებს ანიკაშვილი და დასძენს, რომ ამ სამინისტროს მთავარი ფუნქცია ქვეყანაში მოქალაქეთა დასაქმების პრობლემის მოგვარება უნდა გახდეს, რადგან ამის გარეშე სხვა ვერც ერთი სოციალური საკითხი ვერ მოგვარდება.
"დღევანდელი სამინისტროს დასახელებაში სიტყვა შრომა რატომ არის მოხსენიებული ვერავინ ახსნის. ფაქტია, რომ ამ სამინისტროში არც ერთი ქვეყუწება ამ მიმართულებით არ მუშაობს, მაშინ, როდესაც აუცილებელია, უმუშევრობის წინააღმდეგობის სისტემური ბრძოლა. უმუშევარი მოქალაქეების საინფორმაციო ბაზის შექმნა, მათი შესაძლებლობების შესწავლა, დახმარება კვალიფიკაციის ამაღლებაში და დამსაქმებელთან ურთიერთობაში. ცხადია სამუშაო ადგილებს ქმნის ბიზნესი, მაგრამ სახელწიფო უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს კერძო სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში", - აცხადებს ანიკაშვილი.
მისი განმარტებით, ამის განსახორციელებლად, აუცილებელია, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება და მაგალითად ასახელებს დანიას, გერმანიას, იტალიას და დიდ ბრიტანეთს, სადაც სწორედ აღნიშნული სისტემა მოქმედებს და მიიჩნევს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებბლად ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს კონსულტაციები.