მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ, სოსო გიორგაძემ არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს პროექტის - „საარჩევნო სიების სრულყოფა“ - ფარგლებში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია მნიშვნელოვნად დაიხვეწა და დაზუსტდა. პროექტის მიმდინარეობის დროს შემუშავდა მეთოდები, რომელთა გამოყენებით მონაცემთა ბაზაში მაქსიმალურად შემცირდა საქართველოს მოქალაქეების არაზუსტი საიდენტიფიკაციო მონაცემები. პროექტის ფარგლებში, ღონისძიებები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა, კერძოდ:
- გამოვლინდა გარდაცვალების ისეთი ფაქტები, რომლებიც არ იყო რეგისტრირებული სააგენტოს მიერ; 2013-2018 წლებში საარჩევნო სიიდან ამოღებულ იქნა 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემი;
- გაიზარდა იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ხელმისაწვდომობა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს. მიმდინარე წლის 1 მარტიდან გამოცხადდა პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც 2019 წლის 1 იანვრამდე გრძელდება. იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები თავისუფლდებიან, როგორც დოკუმენტის, ასევე, ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან. აქციის ფარგლებში, დღემდე, 100 000-მდე მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და შესაბამისად, ისინი უკვე შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
იუსტიციის სამინისტრო პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დასახვეწად და დასაზუსტებლად 2013 წლიდან მუშაობს. 2018 წელს განხორციელებული პროექტი -„საარჩევნო სიების სრულყოფა“, რიგით მეხუთეა. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.
დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 650 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 910 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ მე-3 ანგარიშში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ქართული დოკუმენტების სანდოობა და უსაფრთხოების დაცვის მაღალი სტანდარტები. დოკუმენტების უსაფრთხოების კუთხით მიღწეულმა პროგრესმა კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროპაში უვიზოდ მგზავრობის უფლება მოუპოვა.
გარდა ამისა, 2018 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ შუალედური ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ „საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის შუამავლებს არ გამოუთქვამთ მნიშვნელოვანი შენიშვნები საარჩევნო სიების სიზუსტესთან დაკავშირებით.“
აღნიშნულ ანგარიშში, ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ „ამომრჩეველთა სიების სიზუსტის გაუმჯობესების მიზნით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრაციის მისამართიდან არიან მოხსნილი ან არ ფლობენ ვალიდურ პირადობის მოწმობას, პასპორტს ან ფოტოს, სსგს–ს მიერ ეცნობებათ და შესაძლებლობა მიეცემათ, უფასოდ აიღონ პირადობის მოწმობა ან გადაიღონ ფოტო“.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს ყურადღების მიღმა არც ის სამუშაოები დაუტოვებია, რომლებიც სააგენტომ ამომრჩეველთა სიის დახვეწისათვის გასულ წლებში გასწია. 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარი შედეგების ანგარიშში მითითებული იყო, რომ ხელისუფლება მთელი ძალისხმევით შე ეცადა ამომრჩეველთა სიის მაქსიმალურად დაზუსტებას.
შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ, სოსო გიორგაძემ დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი - (+99532) 2-40-10-10 ამოქმედდება, რომელიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს.