განათლების და მეცნიერების სამინისტრომ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სკოლებისათვის გადაცემა დაიწყო.
წიგნები პირველად იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის საჯარო სკოლებისთვის გაიგზავნა. სახელმძღვანელოების ტრანსპორტში ჩატვირთვის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე დაესწრო.
რესურსცენტრების წარმომადგენლებისა და საჯარო სკოლების დირექტორთა მიერ სახელმძღვანელოების გატანა ბელიაშვილის ქუჩის 5 ნომერში მდებარე მანეჟიდან, 2 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, ორგანიზებულად განხორციელდება. მოსწავლეები წიგნებს სკოლებში სწავლის დაწყებამდე მიიღებენ.
ყველა სოციალურად დაუცველი მოსწავლე, პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სახელმწიფოსაგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებს. პროგრამის განხორცილებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო.
აღნიშნული სახელმძღვანელოები წლის ბოლოს სკოლის ბიბლიოთეკებს დარჩება და შემდგომში მის გამოყენებას სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შესძლებენ.