ქრისტიან-დემოკრატები საბაჟოზე სასკოლო ნივთების გაჩერების ფაქტს აპროტესტებენ და ამას სასკოლო ნივთების ბაზარზე ახალი მონიპოლისტის გაჩენას უკავშირებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისად პასუხს ფინანსთა მინისტრისგან ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გიორგი ახვლედიანი გამოეხმაურა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის სასკოლო წიგნების უფასოდ დარიგებას და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ქრისტიან-დემოკრატების დაჟინებული მოთხოვნის შედეგად იქნა მიღწეული. თუმცა ახვლედიანი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სწავლისთვის ბავშვებს სახელმძღვანელოების გარდა სხვა სასკოლო ნივთებისც ესაჭიროებათ და შიშობს, რომ "ვიღაცეებს ამ სფეროში მონოპოლიის შექმნა სურთ". ქრისტიან-დემოკრატები ამ დასკვნამდე მივიდნენ იმის გამო, რომ გიორგი ახვლედიანის თქმით, იმპორტირებული სასკოლო ნივთები დაახლოებით ასობით ტონა საქონელი გაჩერებულია საბაჟოზე.
"ჩვენ ამ ფაქტს, ხელისუფლების მხრიდან მცირე ბიზნესის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად ვაფასებთ ვინაიდან ამ ქმედებამ უკვე გამოიწვია ის რომ სასკოლო ინვენტარის ბაზარზე შეიქმნა დეფიციტი და ის მცირე რაოდენობის პროდუქცია, რომელიც დახლებზე შემორჩა გაორმაგებული და გასამმაგებული ფასით იყიდება" - აცახდებს გიორგი ახვლედიანი და აღნიშნავს, რომ ეს ოჯახებისათვის არის დამატებითი პრობლემა, რადგან სასუსრათო პროდუქტებზე ფასი ბოლო პერიოდში ისედაც გაორმაგებულია. ს
იმის გამო, რომ სასკოლო ინვენტარზე ფასი გასამმაგდა და ამ დროს საბაჟოზე უმიზეზოდ გაჩერებულია შემოტანილი პროდუქცია, ქრისტიან- დემოკრატები ეჭვობენ, რომ ხელისუფლება სასკოლო ინვენტარის ბაზაზე ახალ მონოპოლისტს ამზადებს.
ქრისტიან- დემოკრატების ვარაუდით, მას შემდეგ რაც მცირე ბიზნესის ამ სფეროში დასაქმებული წარმომადგენლები ხელოვნურად შექმნილ წნეხს ვერ გაუძლებენ და გაკოტრდებიან, მთელი ბაზარი სწორედ ამ მონოპოლისტის ხელში გადავა. მას კი არც კონკურენტი ეყოლება და "50 თეთრიანი კალმისტარის 5 ლარას გაყიდვისთისაც პასუხს არავინ მოთხოვს".
ქრისტიან-დემოკრატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე დროულად უნდა მოხდეს რეაგირება და ფინანსთა სამინისტროსგან ახსნა-განმარტებებს დაუყონებლივ ითხოვენ. ამისთვის კი ქრისტიან-დემოკრატები უახლოეს დღეებში ფრაქციის სხდომას გამართავენ სადაც ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილს დაიბარებენ.