აფხაზეთში გაეროს დამკვირვებლების შეშვების იდეა თავიდანვე განწირულია. ასეთი შეფასება გააკეტა აფხაზური მხარის ინიციატივასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
"თუ ეს იგივე პროექტია, რომელიც გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას აფხაზეთთან, მაშინ ამაზე ქართული მხარე არ წავა. რუსეთი იჩენს სიჯიუტეს და სურს ქართული მხარე აიძულოს მიაღწიოს, რომ საქართველომ ხელი მოაწეროს აღნიშნულ ხელშეკრულებაზე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, რითიც სეპარატისტული რეგიონები საერთაშორისო სამართლის სუბიექტები ხებიან", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას მამუკა არეშიძემ და აქვე დასძინა, რომ თუ რუსეთს კონფლიქტის ზონაში რეალურად სურს მშვიდობის დამყარება, ის უნდა დასთანხმდეს საქართველოსთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას, რომელშიც შეიძლება ჩაიდოს ასევე ცხინვალზე და სოხუმზე ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება.
მისივე თქმით, რუსეთს სურს მიაღწიოს, რომ საქართველომ რაიმე ფორმით მაინც სცნოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.
"აფხაზი სეპარატისტების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ თუ ქართული მხარე მათთან თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებას გაფორმებას დათანხმდება, ამ შემთხვევაში ისინი გაეროს დამკვირვებლებს დაუშვებს - იდეაშივე განწირულია", - აღნიშნა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზი სეპარატისტები აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს დამკვირვებლების შეშვების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ამასთან დაკავშირებული პროექტის წარდგენას კი ისინი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე აპირებენ, რომელიც ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ახალი პროექტს ეხება.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის რწმუნებულის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ შეთანხმების რეალიზაციის მექანიზმის ერთ-ერთ ელემენტად, შესაძლოა განხილული იყოს "აფხაზეთსა და საქართველოს შორის არსებული საზღვრის ორივე მხარეს გაეროს დამკვირვებლების განთავსების საკითხი".
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი მე-13 რაუნდი 14 ოქტომბერსაა დანიშნული.