დღეს, 2 აგვისტოს, 15:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირები პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციას გამართავს.
აქციის მონაწილეები, ერთი მხრივ, პატივს მიაგებენ ტყიბულის მინდელის მაღაროში დაღუპულ მუშებს, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც, მათი განცხადებით, დასაქმებულთა შრომით უფლებებს და მათ უსაფრთხოებას არ იცავს.
"3 მარტს, როდესაც ამ მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა, ჩავატარეთ დამოუკიდებელი გამოძიება და გავაფრთხილეთ ხელისუფლება, რომ საწარმოში შექმნილი იყო კატასტროფული პირობები, რაც ტრაგედიის განმეორებას არ გამორიცხავდა", - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი.
პეტრიაშვილი აქციის შემდეგ, პროფკავშირების სხვა ლიდერებთან ერთად, დაშავებულ მაღაროელებს მოინახულებს.