შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებითა და ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდის) დაფინანსებით 7 ოქტომბერს 10:30 საათზე `შერატონ მეტეხი პალასში~ გაიხსნება სამდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია `ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. XX საუკუნის გამოცდილება~.
კონფერენციის თანამონაწილე ორგანიზაციები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია.
კონფერენციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ამ ღონისძიებაზე იქნება საუბარი ტოტალიტარიზმზე, როგორც მოვლენაზე, რომელმაც გავლენა იქონია საბჭოთა პერიოდის ხელოვნებასა და ლიტერატურაზე.
კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ მათი კოლეგები შემდეგი ქვეყნებიდან: ლიტვა, ლატვია, უკრაინა აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, პოლონეთი, რუმინეთი, გერმანია, უნგრეთი, ინდოეთი, მალაიზია, ამერიკის შეერთებული შტატები.
ღონისძიებაზე მოხსნებებით წარსდგებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები. კონფერენციის თემებია: ტოტალიტარიზმის ეპოქის მითები და სტერეოტიპები; ტოტალიტარიზმი და ალტერნატიული აზროვნების მოდელები; შემოქმედებითი ტექსტის ინტერპრეტაციის სპეციფიკა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში; ტოტალიტარიზმის ეპოქის ლიტერატურული ჟანრები; ტოტალიტარული ტექსტის ფორმირება და რღვევა; ყვარყვარიზმი და ქართული ცნობიერება; ტოტალიტარიზმი შორეული პერსპექტივებიდან. ცენტრი და ემიგრაცია და სხვა.
კონფერენცია 9 ოქტომბერს დასრულდება.