რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქებს საქართველოში გამგზავრებისაგან თავის შეკავებას ურჩევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო აცხადებს, რომ საქართველოში მოქმედებს ე.წ. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონახულებას საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე უკრძალავს.
"ამ ე.წ. კანონმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელი 2009 წელს იქნა მიღებული არაერთი შენიშვნა მიიღო ევროსაბჭოს ვენეციური კომისიის მხრიდან. ამგვარი პრაქტიკის მიზანი ცხადია - საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო მეთოდით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს გარესამყაროსთან ურთიერთობა გადაუკეტოს", _ აცხადებს ანდრეი ნესტერენკო და დასძენს, რომ ყოველივე მოწმობს, იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მიდგომა ამ საკითხთან მიმართებაში 1990-იანი და 2000-იანი წლების შემდეგ უცვლელი დარჩა _ "როდესაც ქართული მხრიდან პრაქტიკულად ბლოკირებული იყო ამ რესპუბლიკების მოსახლეობა".
ამას გარდა, აღნიშნული კომენტარის გაკეთებისას, ნესტერენკო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ეხება და მას "თვალთმაქცურს" უწოდებს.
"ამ ფონზე განსაკუთრებით კარგად ჩანს "მშვიდობიანი ჩართულობის სტრატეგიის" თვალთმაქცური ხასიათი, რომლის რეკლამირებასაც თბილისი ახლა ფართოდ და ხმაურიანად ახდენს მთელს მსოფლიოში", _ აცხადებს ნესტერენკო და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "საქართველოს ხელისუფლების პათოლოგური სიძულვილი აფხაზებისა და ოსების მიმართ იმდენად დიდია, რომ იგი მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც სწვდება - მათთდამი უკანონო რესპრესიების განხორციელების გავლენით".
ამასთან ერთად ანდრეი ნესტერენკო ასევე აცხადებს, რომ ყოველივე ამის გარდა, დღეს საქართველოში რუსეთის მოქალაქეები თავგასულობს მსხვერპლი ხშირად ხვდებიან, მიუხედაბად იმისა, იყვნენ ისინი აფხაზეთში ან ე.წ. სამხრეთ ოსეთში თუ არა.
"უკვე არაერთხელ მითქვამს, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩასული თითქმის ყველა ადამიანი ქართული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაციების პოტენციური ობიექტია და არის რისკი მათი ციხეში აღმოჩენისა. ჩვენს მოქალაქეებს უდებენ იარაღს, ყალბ ფულსა და ნარკოტიკებს, ადგენენ სისხლის სამართლის საქმეს და ყრიან ციხეში. ამიტომაც მოვუწდებს რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისაგან თავი შეიკავონ", _ აცხადებს ნესტერენკო.