დევნილების საკითხებთან დაკავშირებით ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მთავრობის წარმომადგენლებს კომპლექსურად მიიწვევენ. ეს გადაწყვეტილება ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე მას შემდეგ მიიღეს, რაც სხდომა პრემიერ-მინისტრის მიუსვლელობის გამო ჩაიშალა.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა პაატა დავითაიას მოთხოვნით გაიმართა, რათა პრემიერ-მინისტრს პასუხი გაეცა დევნილებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებზე. მისი თქმით, მთავრობის განხორციელებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა პრემიერ მინისტრს ეკისრება. პრობლემა კი დევნილების განსახლების პროცესს უკავშირდება.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის მიუსვლელობის გამო ჩაიშალა, თუმცა სხდომაზე გადაწყდა, რომ მორიგი სხდომა უახლოეს დღეებში გაიმართება და დაიბარებენ ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრებს. ასევე ვიცე-პრემიერს და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია რომ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოწვევა მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ მოითხოვა, ვინაიდან მისი თქმით, "ვერა ქობალია თავადაც დევნილია და საინტერესოა როგორ აფასებს იმ პოლიტიკას, რაც დევნილების მიმართ ხორციელდება. ამასთან მნიშვნელოვანია მისი უწყების გადაწყვეტილებები დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით".
პაატა დავითაიამ კი ხაზი გაუსვა იმას, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურები დევნილების განსახლების საკითხებან დაკავშირებით არანაირ ბერკეტებს არ ფლობენ და მათი როლი ამ საკითხში ნულია.
გადაწყდა, რომ საჭიროა, ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე იმსჯელონ კომპლექსურად. გია თორთლაძემ განაცხადა, რომ იგი უახლოეს დღეებში უზრუნველყოფს აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელების მოწვევას, თუმცა ჯერჯეორბით სხდომის გამართვის თარიღი გარკვეული არ არის.