პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები სააპელაციო წესით კახეთის რეგიონში 123-მა პედაგოგმა გაასაჩივრა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული მონაცემებით, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩივრით 35-მა პედაგოგმა მიმართა, ყვარელში 28 მასწავლებელმა, ლაგოდეხში 16-მა, ახმეტაში 10-მა, თელავში 11-მა, სიღნაღში 4-მა, საგარეჯოში 13-მა და დედოფლისწყაროში 6-მა პედაგოგმა.
ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 30 ლარი იყო. მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები 13-23 ივლისს პროფესიულ უნარებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და უცხოურ ენებში ჩატარდა. გამოცდებში საქართველოს მასშტაბით 10 000-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა. მათგან პროფესიულ უნარებსა და სპეციალობაში გამოცდებს 6075 პედაგოგი აბარებდა. ორივე გამოცდაში კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახა და სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და უცხო ენის 1147 პედაგოგს, საერთო რაოდენობის 11%-ს.
როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, 2014 წლამდე სერთიფიცირებას გაივლის ყველა მოქმედი პედაგოგი და საქართველოს ყველა სკოლაში იქნება სერთიფიცირებული მასწავლებელი.