რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ოჯახმა წითელი ჯვრის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ დაკავებულს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს მაია ოთინაშვილის მეუღლემ, იგორ მაყიშვილმა განუცხადა, გუშინ გვიან საღამოს მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლები ტელეფონით დაუკავშირდნენ და მოკლე ინფორმაცია მიაწოდეს.
მისივე თქმით, მაია ოთინაშვილი წითელი ჯვრის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა მოინახულეს და როგორც ისინი აცხადებენ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება.
შეგახსენებთ, ხურვალეთში მცხოვრები მაია ოთინაშვილი, რომელსაც სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 29 სექტემბერს დააკავეს.