პაატა ბურჭულაძის მეუღლე, ანჟელა ვასილენკო დღეს სასამართლოში არ მივა, რადგან დილით გაფრინდა. აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" მისმა ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ მიაწოდა.
როგორც ის განმარტავს, სამართალდამცავებმა იცოდნენ, რომ ელენა დღეს გამოკითხვაზე ვერ მივიდოდა, თუმცა, ხელოვნურად მაინც ქმნიან ისეთ სურათს, თითქოს ის გამოკითხვაზე უარს აცხადებს.
"დღეს სასამართლოში ბილეთი უნდა ჩავაბარო, რომ წავიდა. მან ასევე დაცვის ორდერი დამიტოვა და წერილობითი მიმართვა, რომ დღეს სასამართლოში ვერ მივიდოდა. ამის შესახებ გაფრთხილებული ჰყავდა სამართალდამცავი ორგანოები. ის 8 ოქტომბერს, კანონით დადგენილი წესით წარსდგება სასამართლოში და მისცემს ჩვენებას. ეს ყველაფერი ხელოვნურადაა მოწყობილი, მათ ძალიან კარგად იცოდნენ რომ დღეს ვერ მოვიდოდა და იმის დახატვა უნდათ, რომ ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ის სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარს არ ამბობს, ჩვენ დასამალი არაფერი მაქვს", - აცხადებს კვიჟინაძე.
საქმე ეხება საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.
მიმდინარე გამოძების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1-ელ მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.