1-ლი სექტემბერი საქართველოს ერთიანობის დღეა. ეს თარიღი ერთიანობის დღედ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის 1-ელ სექტემბერს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოაცხადა.
2008 წლის 1-ელ სექტემბერს, ქართული საზოგადოების ინიციატივითა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის დროით 15:00 საათზე საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მასშტაბით საქართველოს მხარდამჭერი აქცია "ცოცხალი ჯაჭვი" ჩატარდა ლოზუნგით - "საქართველო ჩვენია". ეს აქცია ბრიუსელში ევროპის ქვეყნების ლიდერთა სამიტის მსვლელობის პარალელურად მიმდინარეობდა.
ცოცხალი ჯაჭვის აქციას მხარი დაუჭირეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:
1-ელ სექტემბერს ბელგიაში, ევროპის ქვეყნების ლიდერთა სამიტის მსვლელობისას, რუსეთის მხრიდან განხორციელებული სამხედრო აგრესიის საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრიუსელში, სადაც ეროვნებით რუსმა ირინა ივანოვამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ რუსეთში მასმედია სახელმწიფოს კონტროლს ქვეშაა და საზოგადოება მოკლებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სწორი ინფორმაციების მიღების შესაძლებლობას. ჰოლანდიელმა ნასტასია დენ ჰოედტმა ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა დააჩქარონ საქართველოს ნატოსა და ევოკავშირში ინტეგრაციის პროცესი და ამგვარად დაიცვან ქვეყანა რუსული აგრესიისგან. საპროტესტო აქციაში ქართველებთან ერთად ინგუშებიც მონაწილეობდნენ.
შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში საქართველოს საელჩოს და ქართული სათვისტომოს ინიციატივით მოეწყო საქართველოს ერთიანობის მხარდამჭერი აქცია. ცოცხალ ჯაჭვში" მონაწილეობა მიიღო შვედეთში მცხოვრები ქართველების დიდმა ნაწილმა და ასევე სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებმა, რომლებმაც დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია და მოუწოდეს ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს მხარადაჭერისკენ.
საბერძნეთში, ქ. ათენში, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე აქცია "ცოცხალი ჯაჭვი" გაიმართა. საბერძნეთში მცხოვრები ქართველები რუსეთის აგრესიის მომართ პროტესტს ხელიხელჩაკიდებულნი გამოხატავდნენ. "საქართველო ჩვენია" - ამ ლოზუნგმა ასეულობით ადამიანი გააერთიანა. ქალაქ სალონიკში აქციას უმრავი ადამიანი გამოეხმაურა. საქართველოსადმი სიყვარული, ერთსულოვნება და თანადგომა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდამხარ და მთელი მსოფლიოს ქართველთა ცოცხალ ჯაჭვს შეურთდნენ.
კვიპროსში, ქ. ნიქოზიაში, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე 1000-ზე მეტი ადამიანი აქცია ცოცხალ ჯაჭვში ჩაება.
ესტონეთში, ტალინში, ტიმსაარეს პარკში, საქართველოს მხარდამჭერი მორიგი აქცია ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ჩატარდა. ცოცხალ ჯაჭვში ქართველებთან ერთად ესტონელი მოქალაქეებიც ჩაებნენ. აქციის ორგანიზატორისა და ესტონეთის ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ ისინი საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას კიდევ ერთხელ მოითხოვენ და მოუწოდებენ რუსეთს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
უკრაინაში, კიევში მცხოვრები ქართველები დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბნენ და საყოველთაო აქცია "ცოცხალ ჯაჭვში" გაერთიანდნენ. ქართველებთან ერთად, აქციაში უკრაინელებიც მონაწილეობდნენ.
ავსტრიაში, ვენის ცენტრში, სტეფანპლატცის მოედანზე, შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საქართველოში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ავსტრიის ქართული დიასპორის წევრების გარდა საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიელებმა, უკრაინელებმა, პოლონელებმა და თვით რუსებმაც. საპროტესტო აქციის მონაწილებბმა დაგმეს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობები. ლია გულუამ წაიკითხა აქციის მონაწილეთა მიმართვა, სადაც მოუწოდეს ევროპულ საზოგადოებას, ევროკავშირის ლიდერებს მტკიცედ დაუჭირონ მხარი თავისუფლებისა და ერთიანობისათვის მებრძოლ საქართველოს და ალაგმონ რუსული აგრესია. საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა არქიმანდრიტი ლაზარე.
ინგლისში, ლონდონში გამართულ აქციაზე, ინგლისის ქართული სათვისტომოს წევრმა რომეო ხერხეულიძემ აღნიშნა, დიდი ბრიტანეთის ხელისფლების მხარდაჭერა საქართველოსადმი და მიუთითა იმ საფრთხეზე, რასაც აგრესიული რუსეთის ქმედებები გამოიწვევს მთელი ევროპისთვის.
გერმანიაში მიუნხენის ქართველობა ჩაება საყოველთაო აქცია ცოცხალ ჯაჭვში და ამით კიდევ ერთხელ ამოუდგა საქართველოს მხარში. ცოცხალ ჯაჭვს კარდიოლოგთა კონგრესისათვის ჩამოსული ქართველ ექიმთა დიდი ჯგუფიც შეუერთდა. გარდა ამისა, მიუნხენში 29 აგვისტოდან მოყოლებული ტარდება საინფორმაციო სახის აქცია და მოქალაქეთა სრულ ინფორმირებას ისახავს მიზნად.
კანადაში, ტორონტოში, თბილისის დროით 3 საათზე, ტორონტოს დროით დილის 7 საათზე, "შეიკრა ცოცხალი ჯაჭვი".
აშშ-ში, ნიუ-იორკში, გაეროს შენობასთან, 47-ე ქუჩისა და 1-ლი ავენიუს გადაკვეთაზე, შეიკრიბა ქართული საზოგადოება, 1300-1500 კაც. დროის სიმცირის გამო, შესაბამისი ნებართვის აღება ვერ მოხერხდა, ამიტომ აქცია ფაქტობრივად არასანქცირებული იყო. აქციის ორგანიზატორები საკოორდინაციო საბჭო მონაწილეებს მოუწოდებდნენ მაქსიმალური კორექტულობისა და სიმშვიდისკენ. აქციამ ორგანიზებულად ჩაიარა.
ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა თბილისს სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის საპროტესტო ფართომასშტაბიან აქცია "ცოცხალ ჯაჭვს" შეუერთდნენ. "ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ისრაელს და მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ რუსეთის დიქტატორული და აგრესიული პოლიტიკა ვერ გაიმარჯვებს!" - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ირაკლი იაკობაშვილმა. აქციის მონაწილეებმა შექმნეს "ცოცხალი ჯაჭვი". ძირითადი ლოზუნგი იყო: "პუტინი - ტერორისტი და მკვლელი", რითაც ისინი რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებდნენ.
2008 წლის 1-ელ სექტემბერს აქცია "ცოცხალ ჯაჭვში" მონაწილეობა სხვა ქვეყნების ქართულმა სათვისტომოებმაც მიიღეს.