ხვალ, 1-ელ სექტემბერს, ქართველი მოქანდაკის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, თამარ აბაკელიას დაბადებიდან 105 წელი შესრულდება. თამარ გრიგოლის ასული აბაკელია 1905 წლის 1-ელ სექტემბერს (ძვ. სტ. 19 აგვისტოს) დაბა ხონში დაიბადა.
თამარ აბაკელია იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1929), იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის (ქანდაკება), ე. ლანსერესა და ი. შარლემანის (გრაფიკა) მოწაფე. 1938 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო "სარმას" წევრი.
აბაკელიას შემოქმედებისთვის დამახასიათებელია ფორმის უზადო გრძნობა, ძლიერი დინამიკური ნახატი, მაღალი პროფესიული ოსტატობა, კომპოზიციის უტყუარი ალღო. აბაკელიას მნიშვნელოვანი სკულპტურული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია რელიეფური ფრიზი (ქვა, 1936-1937), ყოფილი მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის შენობის ფასადი, თბილისი; ეს ნამუშევარი 30-იანი წლებში საქართველოში მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშია; მეორე მსოფლიო ომის თემაზე შესრულებული კომპოზიცია "შურს ვიძიებთ!" (1944, ბრინჯაო, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი); ლესია უკრაინკას ძეგლი (1952, ბრინჯაო, სურამი) და სხვა.
აბაკელიას გრაფიკული ნამუშევრებიდან აღსანიშნავია "იმერელი ბიჭი" (1928), "ბროწეულის კრეფა" (1930), "ბედნიერი ოჯახი" (1936), "რთველი" (1946, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი).
აბაკელიამ საქართველოს მხატვრებს შორის ერთ-ერთმა პირველმა დაასურათა ვეფხისტყაოსანი (1930-იანი წწ., ხელნაწერთა ინსტიტუტი, თბილისი). მისი დეკორატიული, სიბრტყობრივად აგებული კომპოზიციები, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია მოცულობითად, სკულპტურულად გადაწყვეტილ ფიგურებზე, ეპიკურ-რომანტიკულ განწყობილებას ქმნის. მასვე ეკუთვნის "დავით სასუნცის" (1939) და ვაჟა-ფშაველას პოემების (1947, საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი) ილუსტრაციაები. გააფორმა სპექტაკლები: ს. კლდიაშვილის "ირმის ხევი" (1945), კ. კალაძის "ლალი" (1945, კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი); კინოფილმები: "არსენა" (1937), "გიორგი სააკაძე" (1941-1942), "დავით გურამიშვილი" (1945). დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
თამარ აბაკელია 1953 წლის 14 მაისს თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.