საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ერთად, "შევარდენის" ბაზას ესტუმრა და ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე შოტლანდიელ რიჩარდ დიქსონის ოფიციალურად წარდგენის პრეზენტაციას დაესწრო.
რიჩარდ დიქსონი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჯერ კიდევ ივლისში დაინიშნა, თუმცა მაშინ შოტლანდიელი სპეციალისტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მისი ოფიციალური წარდგენა "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დღეს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე შედგა. დიქსონთან ერთად, პრეზენტაციაზე უკანა ხაზის მწვრთნელი - დონ კასკიც იმყოფებოდა, რომელიც ახალი სამწვრთნელო შტაბის წევრია. შტაბში შოტლანდიელი დიქსონისა და კასკის გარდა უკვე დამტკიცებულნი არიან ავსტრალიელები - ჯონ მაგლტონი და გერეთ ადამსონი.
მაგლტონი დაცვის ხაზის გასაძლიერებლად იმუშავებს, ადამსონი კი მორაგბეების ფიზმომზადებაზე იზრუნებს. საქართველოს რაგბის კავშირი მოლაპარაკებას აწარმოებს ირლანდიელ მაიკლ ბრედლისთანაც, რომელთანაც დროებითი კონტრაქტი გაფორმდება და მისი სამწვრთნელო შტაბში ყოფნის აუცილებლობაზე ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.
ახალ სამწვრთნელო შტაბს რიჩი დიქსონის ხელმძღვაველობით პირველი გამოცდა 20-27 ნოემბერს ექნება, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში ტესტმატჩებს გამართავს კანადისა და ამერიკის ნაკრებებთან. 2011 წელს გუნდს "ერთა თასზე" თამაში ელის, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ოფიციალურ მზადებას კი "ბორჯღალისნები" მომავალი წლის ივნისიდან დაიწყებენ. თბილისში "შევარდენის" ბაზაზე შეკრების შემდეგ, გუნდი ხანგრძლივ ფრანგულ შეკრებას გაივლის და ახალ ზელანდიაში საფრანგეთიდან გაემგზავრება.