ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატები საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის და დანარჩენი წევრების გამოკითხვას მოითხოვენ. მათ აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლოში დღეს დააყენეს.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრები. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარემ მოითხოვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავჯდომარის და რიგი წევრების გამოკითხვა. კონკრეტული პირები საქმეში მონაწილე ყველა პირს გაესაუბრნენ, შესაბამისად, მათი გამოკითხვა სასამართლოსთვის, ობიექტურობისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს", - აცხადებს მორჩაძის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი.
ამასთანავე, ის მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მტკიცებულებების უმეტესობა დარღვევით მოიპოვა.
"დაცვის მიერ წარდგენილი იქნა წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ შუამდგიმლობა, ვინაიდან დაცვა მივიჩნევთ, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არსებითი დარღვევით აქვს მოპოვებული. კერძოდ, ჩვენ დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა წარვადგინეთ, რომელიც ეხება ამოცნობასა და საგამოძიებო მოქმედების ჩატარება-განხორციელებას. ბრალდების მხარემ ითხოვა დრო იმისათვის, რომ პასუხი გასცეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დასაბუთებულ შუამდგომლობას", - აცხადებს მოსიაშვილი.
შემდეგი სხდომა 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე. გამოძიების ინფორმაციით, მორჩაძემ მას ურჩია, არ მიეცა ბრალდებულების წინააღმდეგ ჩვენება, მკვლელობიდან თვენახევარში კი მას ამის სანაცვლოდ თანხა 100 ლარის ოდენობით გადასცა.