ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვას დეკემბერში გეგმავს.
მას შემდეგ რაც სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეში ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა დაადგინა, ახლა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, მოჰყვა თუ არა რაიმე სახის რეაგირება მათ გადაწყვეტილებას, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
„საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაფერი არ გააკეთა. არ გაკეთებაში ვგულისხმობ იმას, რომ მას უნდ აღმოეფხვრა ეს ხარვეზი. ხარვეზის აღმოფხვრა იქნებოდა ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომ გამოეშვა ივანე მერაბიშვილი. მოლოდინი სწორედ ასეთი გვაქვს. კარგი იქნება თუ ჩვენი ხელისუფლება გონს მოეგება და რაც შეიძლება ჩქარა და გააკეთებს ამას ისე, რომ არ დაელოდება მინისტერიალს და კიდევ ერთხელ არ ათქმევინებს მთელს მსოფლიოს, რომ საქართველოში ჰყავთ ვანო მერაბიშვილის სახით პოლიტიკური პატიმარი,“-განაცხადა ივანე მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებას მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებამდე ივანე მერაბიშვილის გათავისუფლებას ურჩევს, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძეც.
მერაბიშვილი 2013 წლის მაისში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს.
მერაბიშვილი სასჯელს სისხლის სამართლის ოთხ საქმესთან დაკავშირებით იხდის. საქმეები ეხება ამომრჩევლის მოსყიდვას, სახელმწიფო ქონების მითვისებასა და გაფლანგვას, "საქართველოს გაერთიანებული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების გაყალბებას და ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს. სწორედ დეპუტატ გელაშვილის ცემის საქმეზე მერაბიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.
გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული. ამჟამად სასამართლოში განიხილება საქმე მერაბიშვილის წინააღმდეგ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციის აქციისა და ტელეკომპანია „იმედის" დარბევას ეხება.
თუ ვადამდე არ გაათავისუფლეს, მერაბიშვილი 2020 წლის თებერვალში დატოვებს საპატიმროს.