ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტრო მოშიმშილე დევნილებს საცხოვრებელ ობიექტებს სთავაზობს ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხაში, აბაშაში, ბაკურციხესა და ზუგდიდში. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ეკა გულუამ განუცხადა.
გულუას თქმით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და ლტოლვილთა სამინისტრო მოშიმშილე დევნილებს საცხოვრებელ ფართებს თავდაპირველად სოფელ ფორცხოვში სთავაზობდა, ახლა კი დევნილებს ობიექტების ამორჩევის საშუალება რამდენიმე რაიონიდან ექნებათ. გულუას განმარტებით, აღნიშნული საცხოვრებელი ფართები დევნილების საკუთრებაში გადავა.
"ჩვენ დევნილებს შევთავაზეთ და კიდევ ერთხელ ვთავაზობთ რეაბილიტირებულ ობიექტებს, ჩხოროწყუში, ხობში, წალენჯიხაში, აბაშაში, ბაკურციხეში, ზუგდიდში, სადაც მათ ექნებათ ელექტროენერგია, წყალი და სხვა საცხოვრებელი პირობები. აქედან მათ შეუძლიათ ამოირჩიონ რაიონი და მიიღებენ კეთილმოწყობილ საცხოვრებელ ფართს, რომელიც იქნება მათი საკუთრება. სამინისტრო საკუთარი სახსრებით მოახდენს მათ ტრანსპორტირებას და ადგილზე ეს ადამიანები იქნებიან მუდმივი დახმარების პირობებში, ისე როგორც ცხოვრობენ სხვა დევნილები", - განაცხადა გულუამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აფხაზეთიდან დევნილმა ოთხმა ადამიანმა პირი ამოიკერა და უვადო შიმშილობა გამოაცხადა. მოშიმშილეები სუბელიანის უწყებისგან საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას თბილისის ტერიტორიაზე ითხოვენ.