გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე ჟენევაში გაემგზავრა, სადაც „ურბანულ გარემოში უსაფრთხო გადაადგილების დანერგვის ხელშწყობის" შესახებ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრის მიზანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კოორდინაციით ბათუმში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უსაფრთხო გადაადგილების საშუალების დანერგვის ხელშეწყობის თემას მიეძღვნება.
"სექტემბრის ბოლოს აჭარაში კონფერენცია გაიმართება, რომელშიც ჩვენი უცხოელი პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს დაახლოებით 50 დელეგატი ესტუმრება. ჩვენ ვიმსჯელებთ იმ საკითხების შესახებ, თუ რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს ქვეყანამ, რომ ველოსიპედი გახდეს გარემოსდაცვითი, ეკოლოგიური ტრანსპორტი და იყოს ერთ-ერთი პოპულარული მთელს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩავდივართ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისსის შტაბ-ბინაში, რომ დავარწმუნოთ, ჩვენ მზად ვართ კონფერენციის ჩასატარებლად და შუალედურ ანგარიშს წარვუდგენთ," განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
ცნობისათვის კონფერენცია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ტრანსპორტის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პან-ევროპული პროგრამის მხარდაჭერით გაიმართება და მონაწილეობას გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის რეგიონის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ. შეხვედრის მიზანი იქნება, ბათუმის მაგალითზე ევროპულ ქალაქში ფეხით და ველოსიპედით მოძრაობის სწორი დაგეგმვის წინაპირობების შეიქმნა. ჟენევაში კონფერენცია 2 სექტემბერს დასრულდება.