საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად, დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიას ესტუმრა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ვარჯიშს დაესწრო. მინისტრმა მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ტოკიოში 9-13 სექტემბერს გაიმართება, ნაკრების წევრებს წარმატებები უსურვა.
"იაპონიაში საქართველოს ნაკრებიც გაფართოებული შემადგენლობით იჭიდავებს. უფრო მეტ ქართველ ძიუდოისტს მიეცემა მსოფლიოში თავის წარმოჩენის შანსი ნაკრებს სრულყოფილად მოსამზადებლად ყველა პირობა შევუქმენით. საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები კი ტრადიციულად, ფულად პრემიებს მიიღებენ", _ განაცხადა შეხვედრაზე ლადო ვარძელაშვილმა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდმა 3 მოსამზადებელი ეტაპი გაიარა.
"პირველ ეტაპს ბაკურიანმა უმასპინძლა, შემდეგ ბორჯომში ვივარჯიშეთ და ბოლოს თბილისში შევკრიბე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა. აღსანიშნავია ასევე ბელარუსული შეკრება, რომელშიც ჩვენს გარდა მონაწილეობა 18 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო. ერთობლივი ვარჯიშები ბიჭებისთვის ძალიან სასარგებლო იყო. ისინი ამ ეტაპზე მაქსიმალურად არიან მზად, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლონ. პროგნოზების გაკეთება არ მიყვარს. შედეგს ჩემპიონატი დაგვანახებს", _ განაცხადა ტოტიკაშვილმა.
ქართველი ძიუდოისტები იაპონიაში ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, 2 სექტემბერს ჩავლენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
60 კგ დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი; 66 კგ მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა; 73 კგ ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი; 81 კგ ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი; 90 კგ ვარლამ ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი; 100 კგ ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი; +100 კგ ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი; აბსოლუტური - ალექსანდრე მსხალაძე