ბარნოვზე 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი, თეიმურაზ მაგრაქველიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილისგან თავს იცავდა.
"ეს იყო აუცილებელი მოგერიება, დანა გარდაცვლილი ქალის ხელში იყო.
ეს საქმის მასალებითაც იკვეთება და თვითონ ვეფხია ბაქრაძის ჩვენებითაც", - აცხადებს მაგრაქველიძე.
თუ რა საქმის მასალებს ფლობს ადვოკატი, ან მსგავს განცხადებას რის საფუძველზე აკეთებს, ცოტა ბუნდოვანია. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ვეფხია ბაქრაძემ დანაშაული მკვლელობის ნაწილში აღიარა. ის ბრალს მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებაში არ ეთანხმება.
კითხვაზე, თუ რა აძლევდა ადვოკატს იმის თქმის საფუძველს, რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული აუცილებელი მოგერიებით მოქმედებდა, მაგრაქველიძე პასუხობს, რომ ამ განმარტებას ვარაუდის საფუძველზე აკეთებს.
"სამართლიანი ვარაუდი არსებობს, ასევე მოწმეთა დაკითხვით იკვეთება ეს. გამოსაკითხია მრავალი მოწმე. რაც ბრალდებას უნდა, ის ყალბია და ვერ დაადასტურებს პროკურატურა.
სისხლიანი დანა არავის დაუნახავს.დანამდვილებით, თუ სად და როგორ იყო დანა, დაიკითხებიან მოწმეები და იტყვიან.. იქ არცერთი მოწმე არ გააჩერეს, მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები დატოვეს. თუ რა დაწერეს იქ, ამაზე სასამართლოს გასცემენ პასუხს", - აცხადებს მაგრაქველიძე.
ის არც დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენას ეთანხმება და აცხადებს, რომ მკვლელობის ფაქტს მოკლულის მცირეწლოვანი ბავშვები არ შესწრებიან.
"ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ არავითარი სისასტიკე და განზრახვა არაა ჩადენილი. ბრალდების მხარეს ჰყავს მოწმეები, რომლებიც დარიგებულები არიან. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენებები მისცეს, სადაც არ დასტურდება, რომ თითქოს, მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ მოხდა დანაშაული. ეს აბსოლუტურად ტყუილია. ამას ვერ დაამტკიცებს პროკურორი. დანაშაული ბავშვების თვალწინ არ მომხდარა.
შესაძლოა, ბრალდების მხარემ ბავშვებზეც იმოქმედოს და ეს პრაქტიკაში ხდება, რომ მოწმეებს არიგებენ", - აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, 25 წლის თაკო გამრეკელაშვილი სასტიკად მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გამრეკელაშვილი მამინაცვალმა, ვეფხია ბაქრაძემ მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.
ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა ის თელეთში დააკავეს.