როცა მოწმეს ქართულად გამართულად საუბარი უჭირს, ეს არ უნდა გახდეს სასაცილო, - ასე გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გურამ დონაძემ.
როგორც ის განმარტავს, დღეს გამოკითხულმა დაცვის მოწმეებმა სასმართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს.
"დღეს წარმოდგენილი ორი მოწმიდან, ეროვნებით ქართველი არცერთი იყო. გუსოევი და გარუნოვი გამოიკითხნენ. როცა კითხვას ვუსვამდით, რაღაცებს ქართულად სწორად ვერ იგებდნენ და ხშირად არასწორი კონტექსტიდან იწყებდნენ პასუხის გაცემას. ამაზე იყო სიცილი, დაცინვა მეორე მხრიდან და ხარხარი. რა აქვთ სასაცილო, რომ ადამიანს არ აცლიან სიმართლის თქმას?
გუსოევმა თქვა სექტემბერიო, უნდა ეთქვა სექტემბერში მივედი პრაქტიკაზეო, საუბარი სიცილით შეაწყვეტინეს და გადააკეთეს ისე, თითქოს, შემთხვევა მოხდა სექტემბერშიო, თქვა. მოწმეს ეტყობოდა, რომ მასთან წინასწარი შემზადება არ მქონია და არ გამიმზადებია ზუსტად ეთქვა 23 ნოემბრის ღამეო და ა.შ. როცა მოწმეს ქართულად გამართულად საუბარი უჭირს, ეს არ უნდა გახდეს სასაცილო. ის ღირსეულია მარტო იმიტომ, რომ ცდილობს ქართულად ისაუბროს და არა მის მშობლიურ ენაზე", - განაცხადა დონაძემ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 21 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.