ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს გამოკითხულ არცერთ მოწმეს სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებია, - ასე გამოეხმაურა დაცვის მხარის მოწმეების გამოკითხვას საქმის პროკურორი, გიორგი ოსაძე.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ორი მოწმე დაიკითხა, რომლებიც შსს-პრესსამსახურში ოპერატორებად მუშაობდნენ. არცერთ მათგანს სასამართლოსათვის რაიმე ღირებული ინფორმაცია არ მიუწოდებია. ისინი 2004 წლის ნოემბერში შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან, შესაბამისად, მათ მიერ სასამართლოში დაფიქსირებული ინფორმაცია სრულიად აცდენილია და შემხებლობაში არაა განსახილველ საქმესთან. უფრო მეტიც, ერთ-ერთი ოპერატორი, კონსტანტინე გარუნოვი 2004 წელს საერთოდ არ მუშაობდა პრესსამსახურში, ხოლო მეორე მოწმე სტაჟიორი იყო, არც ის ყოფილა შემთხვევის ადგილზე. მან ნახა ვიდეოჩანაწერის მცირე ნაწილი, თუმცა, კონკრეტული დეტალები ვერ გაიხსენა.
მოწმემ ბევრ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ არ ახსოვდა, მათ შორის, მიუთითა, რომ კონკრეტული ფაქტი სექტემბერში მოხდა", - განაცხადა ოსაძემ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 21 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების
საქმეზე ბრალდებულია 6 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ლევან გვაზავა, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი არიან ბრალდებული.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 თებერვალს დააკავეს, 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.