მას [ბიზნესმენს, რომელიც მას და ზუგდიდის ყოფილ მერს ქრთამის აღებაში ადანაშაულებს] უნდოდა გარკვეული ტერიტორიები ზუგდიდში. მე ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდა ეს, რადგან არაკანონიერი იყო ის რასაც ითხოვდა, - ამის შესახებ ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა გია გულორდავამ სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, რასაც ზურაბ კვირკვია ითხოვდა არაკანონიერი იყო და მან ბიზნესმენს კანონიერი გზებით მოქმედება ურჩია.
"მას უნდოდა გარკვეული ტერიტორიები ზუგდიდში. მე ვუთხარი, რომ არ გამოვიდოდა ეს, რადგან არაკანონიერი იყო ის რასაც ითხოვდა. ქრთამი არ შემოუთავაზებია. მას უნდოდა, რომ ტერიტორია, პირდაპირ, იჯარის წესით მიგვეცა, ხოლო ჩვენ შევთავაზეთ, რომ გამოცხადდებოდა აუქციონი, მიეღო მონაწილეობა ამაში და თუ გაიმარჯვებდა, იქნებოდა მისი. მე თუ უარი ვუთხარი მის მოთხოვნაზე, რაში უნდა მოეცა თანხა მითხარით? თუ ნახავთ რამე ჩანაწერს, რომ მე ფულს მაძლევს კვირკვია, ბოდიშს მოგიხდით ყველას და წავალ ციხეში", - განაცხადა გულორდავამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მედიაში გავრცელებული ჩანაწერისთვის არ მოუსმენია.
მისი თქმით, მან თანამდებობა მისი ნებით დატოვა.
"გამოძიებას რომ ხელი არ შეშლოდა, რაღაც არ გეთქვათ მერე თქვენ, ოპოზიციურ პარტიებს, რომ ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე ზეწოლას ვახორციელებ და ა.შ.", - დასძინა გულორდავამ.
შეგახსენებთ, ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, სავარაუდო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს.
გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.