საქართველოს ბარში უმოსავლო მიწების რაოდენობა 3 000-დან მალე შეიძლება 25 000 ჰექტრამდე გაიზარდოს. ამ ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (ასოციაცია CENN) ქართველ ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საბჭოთა პერიოდში დიდ და პატარა შირაქსა და ნატბეურში ვენახები გაშენდა, რომელიც დალის წყალსაცავით ირწყვებოდა. ამან მდინარე იორს დიდი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა. ნახევრად უდაბნოს ტიპის ნიადაგები მარილიანია და მისი მორწყვა მარილის წყალში გახსნასა და ნიადაგის დამლაშებას იწვევს. გაუდაბნოების პირველი აშკარა ნიშანი სწორედ ნიადაგის მასიური დამარილიანებაა", - ამბობს ჰიდროლოგიის ექსპერტი ჭიჭიკო ჯანელიძე.